ტყვე დათვები

 

დათვების მდგომარეობა საქართველოში უკიდურესად მძიმეა. ბრაკონიერების უკანონო ნადირობისას როგორც წესი კლავენ დედა დათვს, პატარა ბელებს კი ატყვევებენ. დატყვევებული ბელების  ცხოველების არსებობა კიდევ უფრო მძიმდება, რაც გამოიხატება შემდეგში.

დათვებს მცირე ზომის გალიებში ამწყვდევენ და არაშესაფერისად კვებავენ. დატყვევებული დათვები ძირითადად რესტორნებში და ბენზინგასამართ სადგურებზე, სტუმრებისა და მომხმარებლების გამრთობის მიზნით გვევლინებიან,  ან რომელიმე  „ცხოველთმოყვარულ“ ადამიანების მიერ არიან დატყვევებულები სხვადახვა ობიექტებზე.

ზრდასრული დათვების ბუნებაში დაბრუნება ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. ტყვეობაში გაზრდილ დათვს საკვებით ადამიანი უზრუნველყოფს, სწორედ ეს არის მთავარი სირთულე – ბუნებაში დაბრუნებული დათვი საკვების ნაკლებობის შემთხვევაში აუცილებლად ადამიანს მიაკითხავს.

დათვის ბელების ბუნებაში დაბრუნება შედარებით უფრო ადვილია, თუმცა ამის განხორციელებას დიდი ხნის მუშაობა სჭირდება.

რეაბილიტაცია – ეს არის ტყვეობაში აღზრდილი ცხოველების დაბრუნება ველურ ბუნებაში. დათვების მოსამზადებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპია გასავლელი – ცხოველებმა უნდა ისწავლონ სხვა ცხოველებთან ურთიერთობა, დამოუკიდებლად საკვების მოძიება და ადამიანებისგან განრიდება.

„დათვების თავშესაფარი“ 2010 წლიდან იბარებს მძიმე ტყვეობაში მყოფ დათვებს, დღეის მდგომარეობით თავშესაფარში იმყოფება 12 ზრდასრული დათვი.