თავშესაფრის ისტორია

საქართველოში დათვის ერთი სახეობა – მურა დათვი ბინადრობს. დათვის წონამ შესაძლებელია 300 კგ-ს, ხოლო სიმაღლემ 3 მ-ს მიაღწიოს. აქვს მასიური თავი, პატარა ყურები, მოკლე კუდი, ძლიერი კიდურები, რომლებიც გრძელი ბრჭყალებით ბოლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ მურა დათვი მტაცებლების რიგს მიეკუთვნება, მისი რაციონის უდიდეს ნაწილს მცენარეული საკვები შეადგენს. დათვი კარგად ცურავს, დაცოცავს ხეებზე და მოხერხებულად თხრის. სქესობრივ სიმწიფეს 4 წლის ასაკში აღწევს და 2-3 წელიწადში ერთხელ როგორც წესი 2 ბელს შობს, რომლებიც დედასთან თითქმის 3 წლის განმავლობაში რჩებიან. ხშირად მოზრდილი და ახალადაბადებული ბელები დედასთან ერთად თანაცხოვრობენ. ცივი კლიმატური პირობებისგან განსხვავებით სადაც დათვი ზამთრის ძილქუშს ეძლევა, საქართველოში თბილი ზამთრის გამო დათვი ხანგრძლივად იშვიათად იძინებს. ბუნებაში მურა დათვის სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წელს აღწევს, ხოლო ტყვეობაში 50-ს. საქართველოში ბარაკონიერობამ მნიშვნელოვნად შეამცირა მურა დათვის რიცხოვნობა და ის დღეს წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა. მასზე ნადირობა და მისი დატყვევება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოში უკანონო ტყვეობაში მყოფი მურა დათვების პრობლემის მოსაგვარებლად 2010 წელს პროფესიით მსახიობმა სოსო ჯიქურიშვილმა  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან  შეთანხმებით მურა დათვების თავშესაფარი დააფუძნა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული ორგანიზაცია “ზოოლოგიური ცენტრი (დათვების თავშესაფარი). დათვების თავშესაფარში იმყოფება 12  მურა დათვი. ეს დათვები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში, ძალიან მცირე ზომის ვოლიერებში ჰყავდათ გამომწყვდეული.

დათვების უმრავლესობა წლების განმავლობაში გასართობად ჰყავდათ დატყვევებული, ბენზინგასამართ სადგურებზე, რესტორნებში, სასტუმროებში, მონასტრებში, ცირკში და კერძო სახლებში.

მურა დათვების თავშესაფარი დაახლოებით 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. თავშესაფარი ზრუნავს დათვების რეაბილიტაციაზე და მუშაობს მათ ველურ ბუნებაში დაბრუნებაზე.

დათვების თავშესაფარი მოწყობილია ცხვარიჭამიაში (საბადურის ტყეში) დამფუძნებელის მიერ შეძენილ მიწის ფართობზე, ცხოველების კვებას და სამეურნეო ხარჯებს აფინანსებს დამფუძნებელი და საზოგადოების მცირედი შემოწირულობა.

თითოეულ დათვს საკუთარი, მძიმე ისტორია აქვს.